0
90 shares

თავს უფლებას მივცემთ და ამჯერად შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულს, რომელიც 90-ანი წლების ავტომობილების სალონების მიხედვით შევადგინეთ.

ხშირად ავტომობილებს ექსტერიერი ძალზედ მიმზიდველი აქვს, მაგრამ ინტერიერი მის გარეგან სილამაზეს მკვეთრად ჩამოუვარდება. არა და მძღოლი ავტომობილის გარეგან სილამაზეს მხოლოდ ჩაჯდომისას და გადმოსვლისას ხედავს, დანარჩენ დროს კი სალონში ატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ამ სიაში ვერ მოხვდნენ ისეთი ცნობილი ავტომობილები, როგორებიცაა Lamborghini Diablo; Ferrari F50; Porsche 911 და სხვები… და თუ არ გვენდობით თავად ნახეთ მათი სალონის ვიზუალი და დაწერეთ თქვენი კომენტარები.

  1. 10 DODGE Viper


    90-ანი წლების სპორტულ ავტომობილებზე თუ იწყებ საუბარს, ჯერ "დოჯ ვაიპერი" უნდა ახსენო და შემდეგ შეგიძლია სხვებზე ისაუბრო. ეს ავტომობილი მართლაც ღირსშესანიშნავია, მაგრამ როგორც ყველა ამერიკულ ავტომობილს, მისი სალონიც როგორც იტყვიან ცულით არის გამოთლილი.

    თუმცა თუ შევხედავთ სხვა ამერიკულ სპორტულ ავტომობილებს მაშინ მისი სალონი ოსკარზე გასატანია!

    ჰოდა ამერიკელები რომ არ დაგვეჩაგრა DODGE მოვახვედრეთ ათეულში.

  2. 9 AUDI TT


    AUDI TT-ს ბოლომდე სპორტულ ავტომობილს ვერ უწოდებ, მაგრამ შეიძლება ამ სიაში მოვახვედროთ. ის იმსახურებდა აქ მოხვედრას, რადგან 1998 წელს მისი გამოჩენა ძალიან შთამბეჭდავი იყო.

    მისი სალონი ძალიან მინიმალისტურია, არც ბევრი ღილაკები აქვს და არც რბილი მატერიებისგან არის შექმნილი, მაგრამ სწორედ ამ ნაწილშია მისი უნიკალურობა. ის ისეთივე ღარიბია, როგორც ამას სხვა სპორტული ავტომობილების მწარმოებლები აკეთებდნენ, თუმცა მოახერხეს და ეს ისე გააკეთეს, რომ ვიზუალურად სხვა სპორტული ავტომობილების სალონებს სჯობდა.

  3. 8 HONDA NSX


    HONDA-სგან ამას ვინმე ელოდა?! ჩვენ აშკარად არა.

    მან მოახერხა და დაამზადა ისეთი ავტომობილი, რომელიც ძალიან ბევრს Ferrari-შიც კი ერეოდა. ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა სალონის ნაწილში მაინც ქონოდათ ხარვეზები, მაგრამ არა! 

  4. 7 ASTON MARTIN DB7


    სუფთა ბრიტანული ფორმები, რომელიც შეგეძლოთ გენახათ როგორც Aston Martin-ის ისე Jaguar-ის სალონში, თუმცა ჩვენს ათეულში ეს ადგილი მაინც Aston-მა დაიკავა.

    DB7 იყო ერთ-ერთი ის მოდელი, რომელზეც ყველა თანხმდებოდა, რომ ულამაზესი იყო.

  5. 6 MASERATI 3200GT


    MASERATI 3200GT რომელიც 1998-2002 წლებში გამოდიოდა არ არის Super Car, მაგრამ სპორტული ნამდვილად გახლავთ. მისი სალონი გამოირჩევა იშვიათი ფორმებითა და ინდივიდუალიზმით.

    ალბათ ასეთ ბრენდსა და მოდელს კიდევ უფრო უკეთესი სალონიც შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ მაინც კარგია.

  6. 5 TOYOTA SUPRA A80


    TOYOTA SUPRA A80-ს ინტერიერი ჩვენს ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს. რატომ?

    დააკვირდით მის ერგონომიკას, ყველაფერი მძღოლის ირგვლივ ვითარდება, ალბათ უფრო სწორი იქნებოდა სიტყვა პილოტის გამოყენება.

    გარდა ამისა გასაკვირი არ არის მისი ექსტერიერის პატრონს ასეთი შთამბეჭდავი სალონი რომ აქვს?

  7. 4 McLaren F1


    McLaren F1 ზოგადად არ გამოირჩევა ბანალური სილამაზით, თუმცა ის კაცობრიობას შემორჩება როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი.

    ალბათ ყველა თანხმდება, რომ მისი ინტერიერი არ გამოირჩევა სილამაზით, მაგრამ მისი უნიკალურობა განაპირობებს ჩვენს ათეულში მის ამ პოზიციას.

    ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ პილოტი ავტომობილის ცენტრში განეთავსებინათ. ხოლო იმისთვის, რომ F1-ს მიეღო ქუჩაში ლეგალურად გადაადგილების უფლება, ის მინიმუმ ორკაციანი უნდა ყოფილიყო. ამის გამო გადაწყდა, რომ მძღოლის ორივე მხარეს განთავსებულიყო სავარძლები და ის ამით სამკაციანი გახადეს.

  8. 3 MITSUBISHI 3000GT


    ამ ავტომობილზე ალბათ ყველა 90-ანელი ოცნებობდა, რადგან ის ჩვენი ქალაქის ქუჩებში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც მხოლოდ საბჭოთა ავტომობილები დადიოდნენ და იშვიათად თუ შეხვდებოდი სპორტულ ავტომობილს.

    ასეთი სალონი რომ ჰქონოდა რომელიმე ევროპულ სუპერქარს არაფერი იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს სალონი შექმნა იმ ავტომწარმოებელმა, რომელმაც შექმნა PAJERO და მისი სალონი!

  9. 2 Ferrari 550 Maranello


    Ferrari-ს აქცენტები ყოველთვის გადატანილი იყო მის გარეგან ვიზუალზე, ხოლო ინტერიერი თითქოს და არ აინტერესებდათ. ან უბრალოდ თვლიდნენ, რომ ნამდვილი სპორტული ავტომობილი არ არის მძღოლის კომფორტისთვის და ის პირველ რიგში უნდა იყოს მსუბუქი, რათა სწრაფად იაროს.

    ამ მოდელში კი ყურადღება თითქოს თანაბრად არის გადანაწილებული, როგორც ექსტერიერზე ისე ინტერიერზე.

  10. 1 BMW E31


    BMW E31-ს სალონი იმით არის განსაკუთრებული, რომ მასში თანაბრად და საუკეთესოდ არის წარმოდგენილი სპორტული და ამავე დროს კომფორტული მხარე. 

    მისი ერგონომიკა მძღოლს უადვილებს ყველა მოქმედებას. შუშების ამწეს ღილაკებიდან დაწყებული გადაცემათა კოლოფის ბერკეთით დამთავრებული ყველაფერი დგას ისე, რომ თუნდაც მასში პირველად ჩაჯდეთ თავს უცხოდ არ იგრძნობთ.

    თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისი შექმნა 80-ან წლებში დაიწყო, როდესაც სპორტული ავტომობილის სალონში რადიოსაც იშვიათად შეხვდებოდით.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

0
90 shares

კომენტარები

კომენტარი