0

G Klasse-ს ისტორია 1970-ანი წლების დასაწყისიდან იწყება, როდესაც 1972 წელს ავსტრიის ულამაზეს ქალაქ გრაცში შეთანხმება გაფორმდა Daimler Benz-სა და Steyr Daimler Puch-ს შორის, რომ ეწარმოებინათ ავტომობილი, რომელიც მაღალი გამავლობით გამოირჩეოდა. შეთანხმების პირობების თანახმად Mercedes Benz პასუხს აგებდა მოდელის დაპროექტებასა და გამოცდაზე, ხოლო Steyr Daimler Puch მის წარმოებაზე.

1973 წელს ხელმძღვანელობის წინაშე პირველი ხის პროტოტიპი წარსდგა, ხოლო 1974 წელს სრულყოფილი პროტოტიპი, რომელმაც გამოცდა საჰარის უდაბნოში გაიარა .

1975 წელს კი გრაცში მისი წარმოება ახლად გახსნილ ქარხანაში დაიწყო, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მისი დამზადება ხდებოდა ხელით და არა რობოტების მეშვეობით. 1979 წლიდან კი მისი სრულფასოვანი წარმოება იწყება.

1980-ან წლებში G Klasse-მა განახლება რამდენჯერმე განიცადა. ის აღიჭურვა ავტომატური გადაცემათა კოლოფით, კონდიციონერით, წინა ფარების დამცავებითა და ჯალამბარით.

1982 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა საწვავის მიწოდების ინჟექციური სისტემით აღჭურვილი ძრავები, ხოლო 1985 წლიდან კი იგი დიფერენციალის ბლოკირების სისტემით აღიჭურვა.

1990 წლიდან G კლასის ე.წ. Facelift გამოვიდა, რომელიც მისი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1989 წელს შეიქმნა. ის უკვე აღჭურვილი იყო ABS სისტემით და მუდმივად აქტიური ოთხივე წამყვანი თვალით. ასევე განახლდა მისი ინტერიერი, რომელიც პირველი მოდელისგან განსხვავებით ხის ანათალით მოპირკეთდა.

1999 წელს Mercedes-მა G კლასის 20 წლის იუბილე მისი V8 ძრავიანი მოდელის დამზადებით აღნიშნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა სახელად “G 500 Classic”, მოგვიანებით კი V8 ტრადიცია G 55 AMG-მ განაგრძო, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე ძლიერ G კლასად ითვლებოდა. იგი აღჭურვილი იყო 354 ცხენის ძალიანი ძრავით, რომელიც 0-100კმ/სთ სიჩქარეს 7.4 წამში ანვითარებდა, რაც ასეთი წონისა და ფორმის ავტომობილისთვის საკმაოდ კარგი მონაცემები გახლდათ. 2004 წლიდან კი 55 AMG კომპრესორით აღიჭურვა. ამით მისი ცხენის ძალები 354-დან 476-მდე გაიზარდა.

2013 წელი

2013 წლიდან 2015 წლამდე 6 ბორბლიანი G კლასის 100 ერთეული მოდელი დამზადდა, რომელიც 6x6 სისტემით არის აღჭურვილი და მასში განთავსებულია 5.5 ორტურბინიანი ძრავა, რომელიც 561 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მის სხვა ტექნიკურ მონაცემებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა ის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მისი ხიდი ქარხნულად პორტალური სისტემისაა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის გამავლობას.

2018 წელი

1979 წლიდან 2018 წლამდე G კლასის ვიზუალის რადიკალური ცვლილება არ მომხდარა, მისი რამდენჯერმე განახლება შემოიფარგლებოდა უმნიშვნელო ცვლილებებით, როგორიცაა ბამპერების ფორმის განახლება, მისი ავტომობილის ფერითვე შეღებვა და ა.შ. მაგრამ 2018 წელს მისი გარეგნობა საგრძნობლად შეიცვალა, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ნამდვილი განახლება 2018 წელს მოხდა.

ადრე თუ შეგეძლო ძრავის ხუფი, წინა და უკანა კარები, ფარები და სხვა ვიზუალური ნაწილები 80-ან წლებში დამზადებული G კლასიდან მოგეხსნა და 90-ან წლებში დამზადებულ მოდელზე მიგემაგრებინა ახლა ეს ყველაფერი შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმ კლასიკური ფორმებისა, რომელიც G კლასში აგერ უკვე 40 წელზე მეტია შენარჩუნებულია, 2018 წლის მოდელში აბსოლუტურად განსხვავებული ზომისა და ფორმის დეტალები გვხვდება. აღარაფერს ვამბობთ ინტერიერზე, რომელიც ბოლო თაობის სისტემებითაა აღჭურვილი.

მოკლედ რომ ვთქვათ ახალი G კლასი იდეალური მოდელია, რომელშიც საუკეთესოდაა შერწყმული მისი ისტორიული და თანამედროვე დიზაინი.

ეს კი რომის პაპისთვის დამზადებული პირველი "Papa G" გახლავთ.

"Papa G" სპეციალურად 1980 წელს შეიქმნა რომის პაპისთვის, რომელიც ხალხში მის უსაფრთხოდ გადაადგილებას უზრუნველყოფდა. 

დღეს ეს მოდელი ქალაქ შტუტგარტში Mercedes Benz-ის მუზეუმშია განთავსებული.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

0

კომენტარები

კომენტარი