-1
1 share, -1 points

თვითმფრინავი გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა, თუმცა ზოგიერთი მგზავრისთვის ის მხოლოდ საფრთხესთან ასოცირდება. ამიტომ მგზავრთა ეს ნაწილი ხანგძლივი და დამქანცველი მგზავრობის დროს ფიქრობს თვითმფრინავის უსაფრთხოებაზე და ებადება კითხვები, რომლებსაც უხერხულობის გამო ვერ უსვამს ეკიპაჟის წევრებს.

სწორედ ამიტომ ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად აინტერესებთ მგზავრებს.

  1. 1 რას აკეთებს ეკიპაჟის წევრები პილოტის კაბინაში შესასვლელად?


    11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ყველა შეთანხმდა, რომ უცხო პირისთვის პილოტის კაბინაში შესვლა უნდა გართულებულიყო. შესაბამისად ის აღიჭურვა ელექტრო საკეტითა და ტყვიაგაუმტარი ჯავშნით. ელექტრო კარის კოდი ყოველ რეისზე იცვლება და მის შესახებ პილოტი მხოლოდ გაფრენის წინ იგებს. ამ კოდს იგი ეკიპაჟის სხვა წევრებსაც უმხელს, რადგან მათ შეძლონ კარის იმ შემთხვევაში გაღება, თუ კი ორივე პილოტი გონებას დაკარგავს. კოდის შეყვანიდან კარი კიდევ 1 წუთის განმავლობაში დაბლოკილია, იმ შემთხვევისთვის თუ კი პილოტი შეამჩნევს, რომ კარის მეორე მხარეს არა ეკიპაჟის წევრი, არამედ უცხო ადამიანი დგას - ამისთვის მას ვიდეო კამერა ეხმარება. 1 წუთის განმავლობაში თუ კი პილოტი არ დაბლოკავს კარს ეს იმას ნიშნავს, რომ პილოტი კამერაში ეკიპაჟის წევრს ხედავს, ან ის უგონოდაა - ამ შემთხვევაში კარი ავტომატურად გაიღება.

  2. 2 რა ეკრძალება პილოტს?


    პილოტს ისევე, როგორც ავტომობილის მძღოლსა თუ მემანქანეს, ეკრძალება ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ თვითმფრინავის მართვა, თუმცა აქ კიდე ისიც ემატება, რომ მათ ეკრძალებათ ულვაშის, ცხვირზე პირსინგის და სხვა სახის სამკაულის ტარება, რაც ხელს შეუშლის ჟანგბადის ნიღაბის სწორად მორგებას.

  3. 3 რა შემთხვევაში ხდება ჟანგბადის ნიღბების ავტომატური მოწოდება?


    მოგეხსენებათ თვითმფრინავი ზღვის დონიდან 10-12 ათას მეტრ სიმაღლეზე დაფრინავს. შესაბამისად ამ სიმაღლეზე ატმოსფერული წნევა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობა ადამიანისთვის შეუფერებლად დაბალია. ამისათვის თვითმფრინავში შენარჩუნებულია ატმოსფერული წნევა და ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადის ოდენობა. თუმცა შესაძლებელია თვითმფრინავის ჰერმეტულობის დაკარგვის შემთხვევაში ბორდზე არსებული წნევა უეცრად დაეცეს და ასევე დაიკარგოს ის ჟანგბადი, რომელიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    ამ შემთხვევაში ჟანგბადის ნიღბების მოწოდება ავტომატურად აქტიურდება, ხოლო ნიღბის მოქაჩვის შემთხვევაში ხდება ჟანგბადის მოწოდებაც.

    ალბათ ბევრ თქვენთაგანს გიჩნდებათ კითხვა თუ რა დროით ხდება ჟანგბადის მოწოდება - მგზავრი ჟანგბადით მხოლოდ 10-15 წუთის განმავლობაშია უზრუნველყოფილი, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ პილოტი დაეშვას იმ სიმაღლეზე სადაც ბუნებრივი პირობები იძლევა ნორმალურად სუნთქვის საშუალებას.

  4. 4 სძინავთ თუ არა პილოტებს ფრენის დროს?


    არსებობს ხანგძლივი რეისები, რომელსაც უმეტესად რამდენიმე პილოტი ასრულებს, ამ დროს პილოტებს მორიგეობით გამოძინების საშუალებაც ეძლევათ. ამისათვის კი დიდი ზომის თვითმფრინავებში მათთვის გამოყოფილ ადგილას მოწყობილია საწოლები.

    მოკლე რეისების დროს კი პილოტები არ იძინებენ, თუმცა არსებობს შემთხვევით ჩაძინების ფაქტებიც, მაგრამ ეს ფრენისთვის საშიშ გარემოებას არ წარმოადგენს. რეისის უმეტეს ნაწილს პილოტების ნაცვლად ავტოპილოტი ასრულებს. ის მიყვება წინასწარ მითითებულ კურსს, სიმაღლესა და სიჩქარეს. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა კურსის ცვლილება, ამის შესახებ სახმელეთო დისპეჩერი პილოტს ყურსასმენების საშუალებით ატყობინებს. ეს უკანასკნელი პილოტებთან მთელი რეისის განმავლობაშია კავშირზე, შესაბამისად პილოტებს ღრმა ძილის საშუალება არც კი ეძლევათ.

  5. 5 არის თუ არა ტურბულენტობა საშიში?


    დავიწყოთ იმით, რომ ტურბულენტობა ბუნებრივი მოვლენაა და ის საშიში არ არის!

    მცირე ტურბულენტობის დროსაც კი პილოტი ბორდზე ღვედების შეკვრისკენ მოგვიწოდებს, რაც დღევანდელი წესების მიხედვით აუცილებელია, რადგან შესაძლებელია, რომ ტურბულენტობა მყისიერად გაიზარდოს და თქვენ მოულოდნელად სავარძლიდან გადმოგაგდოთ. ასევე იკრძალება საპირფარეშოებში გასვლა და საკვების დარიგება. ეს და სხვა ყველა აკრძალვა განპირობებულია იმით, რომ სადღაც, რომელიღაც რეისზე მსგავსი შემთხვევის დროს დაზარალებულა მგზავრი, ამიტომ უმჯობესია დაემორჩილოთ პიპლოტის მითითებას და გაიკეთოთ უსაფრთხოების ღვედები.

  6. 6 რატომ გვაიძულებენ ელექტრონული მოწყობილობების გათიშვას?


    ალბათ ყველა ჩვენთაგანს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ფრენისას გვიწევს ჩვენს განუყრელ "მეგობართან" განშორება. მსოფლიოში ყველგან მიღებულია, რომ ფრენისას მობილურები და ლეპ-ტოპები უნდა გადავიყვანოთ Airplane Mode-ზე, ან უფრო უარესი - საერთოდ გამოვრთოთ. ამას კი იმით ხსნიან, რომ მათი გამოყენება თვითმფრინავის მგრძნობიარე მოწყობილობებსა და გადამცემებს აზიანებს და ასე ვთქვათ ურევს ტვინს. ყველას გვაინტერესებს ეს სიამრთლეა თუ უბრალო ახირება, ვინ გამოიტანა ეს დასკვა და რის საფუძველზე.

    დიახ, ეს სიმართლეა! როგორც ყველამ ვიცით თანამედროვე გაჯეტები აღჭურვილია სხვადასხვა სიგნალის მიღებისა და გაცემის ფუნქციებით. მაგალითად ჩართული მობილური ტელეფონი უკავშირდება სატელეფონო ანტენებსა და ანძებს, თუნდაც მასში არ იდოს სიმ ბარათი. ასევე უკავშირდება თანამგზავრებს, იღებს და აგზავნის ლოკაციის შესახებ ინფორმაციებს და ა.შ. ანუ ტელეფონი გარკვეული სიხშირების საშუალებით მუდმივად გამოსცემს რადიო ტალღებს, თუნდაც ის ვერ ახერხებდეს ანტენებთან დაკავშირებას.

    ჩატარდა უამრავი ტესტი, რამაც აჩვენა, რომ შესაძლებელია მობილურისა და სხვა მოწყობილობების სიგნალები დაემთხვეს თვითმფრინავის სხვადასხვა მოწყობილობების სიგნალებს და პილოტსა და სახმელეთო დისპეჩერს მიაწოდოს მცდარი ინფორმაცია. მცდარი ინფორმაცია კი თვითმფრინავის მართვისას უკიდურესად საშიშია.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ თვითმფრინავის საფრენ სიმაღლეზე ვერცერთი სატელეფონო კავშირგაბმულობა ვერ მოგაწვდით სიგნალს, თუნდაც მთელი მსოფლიოს როუმინგი გქონდეთ გააქტიურებული. ასევე ვერ ისარგებლებთ GPS ნავიგაციით და მითუმეტეს ინტერნეტით. ამიტომ უმჯობესია დაემორჩილოთ ეკიპაჟის მოთხოვნას და იმგზავროთ უსაფრთხოდ. 

  7. 7 რა ხდება მაშინ, როდესაც ფრენისას ყველა ტურბინა ითიშება?


    მგზავრობისას ყველანაირი კითხვა შეიძლება დაგებადოს, მაგრამ ეს კითხვა ყველაზე ხშირია.

    როგორც წესი თვითმფრინავს ორი, სამი, ან ოთხო ტურბინა აქვს. დაგვეთანხმებით, რომ მათი ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა განვიხილოთ ყველა შესაძლო ვარიანტი:

    ორტურბინიან თვითმფრინავს, რომ გაუჩერდეს ერთი ტურბინა ეს საერთოდ არ არის საშიში, მეტიც - მას შეუძლია 1 ტურბინითაც კი დაასრულოს დაგეგმილი რეისი და საავარიო აეროპორტი არც კი ეძებოს. ცუდი შემთხვევა იქნებოდა თუ ორივე მათგანი ერთდროულად გაითიშებოდა, ამ შემთხვევაში პილოტი ცდილობს მათ ამუშავებას და ამის გამო მას უწევს იმ სიმაღლეზე დაშვება სადაც მეტი ჟანგბადია, რათა ადვილად მოხდეს ტურბინების დაქოქვა. თუ ის საბოლოოდ გამოსულია მწყობრიდან, ამ შემთხვევაში პილოტი იძულებულია თვითმფრინავი მართოს პლანირების რეჟიმში და მოძებნოს უახლოესი აეროპორტი ან თუნდაც მიტოვებული ასაფრენი ბილიკი.

    ალბათ უფრო საშიშად მოგეჩვენებათ ტურბინაზე გაჩენილი ხანძარი. თვითმფრინავი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და პილოტების მხრიდან გააქტიურების შემთხვევაში მას ტურბინაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაც კი შეუძლია.

    რა თქმა უნდა არსებობს ფატალური შედეგებიც, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ თვითმფრინავი დღესაც რჩება ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად.

  8. 8 არის თუ არა მეხი საშიში თვითმფრინავისთვის?


    უმეტეს შემთხვევაში თვითმფრინავს მეხი ისე ეცემა, რომ მგზავრები ამას ვერც კი ამჩნევენ. მეხი თვითმფრინავისთვის უვნებელია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც მეხის დაცემას თვითმფრინავში ყველა ხელსაწყოსა და განათების გათიშვა გამოუწვევია, მაგრამ ამ შემთხვევისთვის პილოტებს აქვთ ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც გვარდება ყველა პრობლემა.

  9. 9 შეუძლია თუ არა უცხო პირს თვითმფრინავის დასმა?


    თანამედროვე თვითმფრინავები აღჭურვილია ავტოპილოტის სისტემით, რომელიც სრულად მართავს თვითმფრინავს, თუმცა დაჯდომისთვის ადამიანის მონაწილეობა მაინც საჭიროა. სიმულატორის დახმარებით ჩატარდა ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ჩვეულებრივ ბორდგამცილებელს შეუძლია თვითმფრინავის დასმა, თუკი მას შესაბამის მითითებებს დისპეჩერი ან სხვა პროფესიონალი მისცემს.

  10. 10 რატომ არ არიგებენ პარაშუტებს თვითმფრინავში?


    თვითმფრინავი თუ ავარიულად დაბლა ეცემა, მისი ბორდიდან პარაშუტით გადახტომა ფაქტიურად შეუძლებელია. ამას ისიც ემატება, რომ პარაშუტით ხტომას შესწავლა უნდა.

    პირველ რიგში პარაშუტი სწორად უნდა ჩაიცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ვარდნისას გაგძვრეთ. ამას ისიც ემატება, რომ სანამ პარაშუტს გახსნით, ვარდნისას რთულია ბალანსის დაცვა. ასევე რთულია გაუძლო თავისუფალ ვარდნას და ამის ატანა ყველა ორგანიზმს არ შეუძლია, შესაბამისად შესაძლებელია გონების დაკარგვა ისე, რომ პარაშუტის გახსნა ვერც კი მოასწროთ. ყველაფერი თუ კარგად განვითარდა, დასასრულს საჭიროა მიწაზე სწორად დაცემა, რასაც ასევე ცოდნა უნდა.

    და მთავარი! - პარაშუტით გადმოხტომისთვის საჭიროა თვითმფრინავს ჰქონდეს შესაბამისი ფრენის სიმაღლე - არაუმეტეს 4800 მეტრის და არანაკლებ 1300 მეტრისა.

  11. 11 რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას თვითმფრინავისთვის?


    ყველაფერი რაც აქ წაიკითხეთ იყო ის, რაც დაგარწმუნებდათ თვითმფრინავის უსაფრთხოებაში, თუმცა სიმართლის არ ცოდნა ვერ დაგვიცავს ცუდი შედეგებისგან. ამიტომ ბოლოს გავიაროთ ის ფაქტორები, რომლებიც ფრენისას უმჯობესია არ მოხდეს.

    1. ბორდზე ხანძარი - ეს არის ის რისიც თვითმფრინავის ეკიპაჟს ყველაზე მეტად ეშინია. სამგზავრო ნაწილში ხანძარი შედარებით ადვილად ჩასაქრობია, რასაც ვერ ვიტყვით სატვირთო ნაწილზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავი აღჭურვილია ხანძრის დეტექტორებით, ხდება ისე, რომ ხანძრის გაძლიერებამდე მისი აღმოჩენა ვერ ხერხდება და შემდგომ ეკიპაჟის წევრები მის აღმოფხვრას ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომ ყოველდღიურად მკაცრდება ტვირთებისა და ბარგის გადატანის წესები.

    2. დიდი ზომის ფრინველები - რასაც სურათში ხედავთ მსგავსი მოვლენა არც თუ ისე იშვიათია. არსებობს აეროპორტები სადაც დიდი ზომის ფრინველთა ჯგუფები ხშირად ხვდებიან თვითმფრინავის გარშემო, რა დროსაც შესაძლებელია ისინი ტურბინამ შეისრუტოს. ეს ცუდი მოვლენაა, რადგან ფრინველის ტურბინაში შევარდნა აზიანებს ტურბინის ფრთებს და ამავდროულად იწვევს ხანძარს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც რომ ტურბინებს მარტივად შეუძლია გაუძლოს სტანდარტული ზომის ფრინველის შეჯახებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის "გადაყლაპვა" მისთვის მაინც სახიფათოა.

    მეტი უსაფრთხოებისთვის აეროპორტებში სადაც მსგავსი საშიშროება არსებობს მოწყობილია ფრინველების დასაფრთხობი სხვადასხვა საშუალებები.

    3. ადამიანური ფაქტორი - როგორც სტატისტიკა აჩვენებს ავიაკატასტროფა ყველაზე ხშირად ადამიანის შეცდომის გამო ხდება. თვითმფრინავი ინჟინრულად ყველაზე გამართული ტრანსპორტია, მთავარია მისი მართვისას ადამიანმა არ დაუშვას შეცდომა. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩაუტარდეს ტექინსპექტირება და გამოიცვალოს ყველა ის დეტალი, რომელიც მწყობრიდან გამოსულია. ხშირია დისპეჩერის მხრიდან დაშვებული შეცდომებიც, მაგალითად არასწორად მითითებული კურსი, აეროპორტში აფრენა-დაშვების რიგითობის არევა და ა.შ.

    თუმცა მიუხედავად ყველაფრისა უფრო დიდი შანსია მოიგოთ ამერიკის ლატარიაში ჯეკპოტი ვიდრე მოყვეთ ავიაკატასტროფაში.


მოგეწონა?! გაუზიარე მეგობრებს

-1
1 share, -1 points

კომენტარები

კომენტარი